,,ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს „la trufe-ში" მომხდარი ფაქტი ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით უსუფაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანონ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია შსს-მ ინციდენტში მონაწილე ყველა დამნაშავე დასაჯოს.
,,ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ აგრესიული კამპანიის, რომელიც ქვეყანაში ,,ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომლის აღსაკვეთად ხელისუფლება, სამწუხაროდ, არაფერს აკეთებს. ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, მოვითხოვთ გუშინდელ ანგარიშსწორებაში მონაწილე ყველა ადამიანის დაკითხვას, მოვითხოვთ ყველა დამნაშავის დასჯას, მოვითხოვთ იმას, რომ შს მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საკითხი, რადგან საქმე ეხება პარლამენტის წევრების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან „la trufe-ში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში აღიძრა.
კლუბ-რესტორან „la trufe-ში" დაახლოებით 00:00 საათზე, რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბექა მაზიაშვილი, მამუკა ბაკურია და მანანა გიორგობიანი. ასევე დაიკითხა რესტორნის მომსახურე პერსონალი.
დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით, მომხდარი ინციდენტის დროს სტუმართა ნაწილმა რესტორანი დატოვა, მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად.
მოწმეების თქმით, რესტორანში სტუმრად იყვნენ ასევე პარლამენტის წევრები, დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო - ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.
სამართალდამცველები ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ.