7 მაისს, 12:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის კვირეულს გახსნის. კვირეულის გახსნასთან ერთად ესეების, ფოტოებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულ ნაშრომთა დაჯილდოება და ფოტოებისა და ნახატების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები და კონკურსში მონაწილეები დაესწრებიან.
ევროპის კვირეული 11 მაისამდე გაგრძელდება, მის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილია: შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ნახატების, ფოტოებისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება, ნახატების გამოფენა, მარათონული გარბენი და გამწვანების აქცია.
ევროპის კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ევროპის კვირეული საქართველოში ტრადიციულად, მაისში, ევროპის დღის აღსანიშნავად ეწყობა. 9 მაისს, ევროპის კავშირს 52 წელი შეუსრულდება. ევროკავშირი 27 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის.
მასალის გამოყენების პირობები