აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს თემურ იაკობაშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ 5497,3 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.
როგორც IDFI-იმ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული მასალების საფუძველზე წერს,
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში თარიღდება 2012 წლის 19 ნოემბრით. ანგარიშში გამოვლენილ ფინანსური დარღვევებიდან განსაკუთრებით საინტერესო ფაქტს წარმოადგენს, 2011 წელს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თემურ იაკობაშვილის მიერ გაწეული გაურკვეველი და შეუსაბამო ხარჯები.
2011 წლის განმავლობაში, ელჩის სარგებლობაში არსებული პლასტიკური ბარათით გაწეული ხარჯებიდან (საელჩოს ანგარიშზე გახსნილია ორი სადებეტო პლასტიკური ბარათი რომელთაგან ერთს იყენებს ელჩი), 6898,12 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. ამ ხარჯების საბანკო ამონაწერის შესწავლისას გარკვეული და დადგენილი იქნა მხოლოდ 1400.82 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯების დანიშნულება და მათი შესაბამისობა ხარჯების საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან მიმართებაში. დანარჩენ 5497,3 აშშ დოლარის ხარჯებზე მიზნობრიობა დადგენილი ვერ იქნა. გამომდინარე აღნიშნულიდან 5497,3 აშშ დოლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ ექვემდებარება ანაზღაურებას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ. ანგარიშში წარმოდგენილია აღნიშნული თანხის ხარჯვის შესახებ ამონაწერი.
მასალის გამოყენების პირობები