,,სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა წართმეული სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება და სამშობლოს ღალატია", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.
"სააღდგომოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ჩვენსა და წინაპართა საფლავებს შორის კვლავ დგას რუსი ავტომატიანი მესაზღვრე და ამ დროს პრემიერი ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს ფაქტობრივად არის ჩვენგან წართმეული სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება და სამშობლოს ღალატი",- განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის რიგგარეშე სესია გაიმართა, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრნენ. სესიაზე ხმის უფლების მქონე 48 დელეგატმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ქართული სპორტული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს და ქართული დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საბოლოო პასუხის დაფიქსირების ვადა კი 7 მაისს იწურება.