„თბილისი მერიოტში" მეორე ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიხსნა. კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლაში თავდაცვის მინისტრმა გერმანულ-ქართულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ევროპაში ეკონომიკურად, გავლენით პოლიტიკურად. ჩვენი მეომრები ავღანეთში მხარდამხარ იბრძვიან და ერთმანეთს ბრძოლის ველზე ენდობიან. ეს ნდობა აუცილებელია, რომ გვქონდეს პოლიტიკოსებსაც. სწორედ ასეთი სტრატეგიული დიალოგის შესაძლებლობა გვაძლევს შანსს, რომ დეტალებში მაქსიმალურად გავერკვეთ, თუ რა ინტერესები და მოლოდინები გვაქვს ერთმანეთის მიმართ. გერმანიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით წარსულში გადამეტებული მოლოდინები იყო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან. დღეს ჩნდება ახალი შანსი, რომ გერმანიამ გარკვეულწილად პატრონაჟი აიღოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ამბიციებზე" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოხსენებისას ირაკლი ალასანია თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხო: „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები იყოს სტრატეგიული, ისეთივე სტრატეგიული და მე ვიტყოდი სპეციალური, როგორი ურთიერთობებიც გვაქვს აშშ-სთან. დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანელი პარტნიორები იქნებიან ერთ-ერთი პირველები, ვინც საქართველოს სწორ რჩევებს მისცემენ და პატრონაჟს გაუწევენ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე".
სემინარის მონაწილეებმა გერმანია-საქართველოს სტრატეგიულ ხედვებსა და ინტერესებზე, რეგიონალური უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების მოგვარებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე იმსჯელეს. ფორუმის მეორე დღეს, მხარეები საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში გერმანიის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
სტრატეგიული ფორუმის მიზანია, რეგულარული დიალოგის სახით ჩამოაყალიბოს ნახევრად ფორმალური პლატფორმა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ. ფორუმის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების აქტუალურ თემებზე, ასევე ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად რეკომენდაციები შემუშავდება.
მეორე ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი ხვალ დასრულდება.