სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავართქილაძის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტს ეწვია.
მინისტრმა უნივერსიტეტის იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობასა და პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ლექცია წაუკითხა.
დიმიტრი შაშკინმა სტუდენტებს დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში მიმდინარე ის რეფორმები გააცნო, რომელთა ნაწილი შესრულებული, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია.
ლექციაზე საუბარი იყო კონსტიტუციის ახალ პროექტზე, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, საარჩევნო რეფორმებზე, პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობაზე, კონტროლის პალატის ახალ კანონზე, ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის მონაწილეობისთვის ინსტიტუციონალური გარანტიების გაძლერებასა და მედიის პლურალიზმის ხელშეწყობაზე.
მინისტრმა ასევე სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე, კერძოდ, ახალი პატიმრობის კოდექსზე ისაუბრა, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე და პრობაციის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და თავართქილაძის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. უნივერსიტეტი მზადაა, სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე განათლების რეფორმაში დაეხმაროს.