"დღეს არის არჩევანის პრობლემა - ფუნდამენტური არჩევანის პრობლემა. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ და ვერ დავრჩებით რუსეთის გავლენის სფეროში. ეს არის შეცდომა და შეუძლებელია" _ განაცხადა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, არის შეცდომები, რომელთა პატიებაც შეუძლება და არის შეცდომები რომელთა პატიებაც შეუძლებელია", _ განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, როდესაც შენი პრემიერი ერთ დღეს განცხადებას აკეთებს და მეორე დღეს ბოდიშს იხდის.
"ეს შემაშფოთებელია, მაგრამ უპატიებელი შეცდომებია, როდესაც შენი ხელისუფლება გადანაშაულებს შენ და ადანაშაულებს საკუთარ თავს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში. ეს უპატიებელია. ეს წითელი ხაზია რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გადაკვეთოს.
უპატიებელი შეცდომაა, როდესაც მსხვერპლს ასამართლებ, იმიტომ, რომ მსხვერპლის გასამართლება არის მხოლოდ ნაცისტური და საბჭოთა მემკვიდრეობა", _ განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებს.
"ჩვენ უნდა დავიწყოთ, იმისათვის, რომ დავხატოთ წითელი ხაზები, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება აღარ გადაკვეთს", _ აცხადებს რატიანი.