მიხეილ სააკაშვილმა გაეროში პირობა დადო, რომ აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს. სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ ამჟამად ამგვარი განცხადებების კეთების დრო უკვე წავიდა და საქართველომ და აფხაზეთმა ამიერიდან უკვე მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე უნდა დაიწყონ ზრუნვა.
საქართველოს პრეზდენტის განცხადების კომენტირებისას სერგეი შამბა ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის განცხადების პარალელურად იქნებ ვინმეს ეკითხა თავად აფხაზეთისათვის სურს თუ არა მას საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება.
"აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და უკვე ჩვენს საკუთარ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ხოლო ის, თუ რა მოიტანა სააკაშვილის მიერ ამგვარი განცხადებების კეთებამ და მის მიერ წარმოებულმა ამგვარმა პოლიტიკამ ყველამ კარგად დაინახა",_ აცხადებს სერგეი შამბა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და დასძენს, რომ "სააკაშვილის მიერ წარმოებულმა ამგვარმა პოლიტიკამ გარდა კონფლიქტის უკიდურესი გამწვავებისა უზარმაზარი უფსკრული გააჩინა საქართველოსა და აფხაზეთის საზოგადოებებს შორის".
მისივე თქმით, ახლა ამგვარი განცხადებების კეთების დრო წავიდა.
"ეხლა სხვა რამეზე უნდა გადავერთოთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ამოვავსოთ ჩვენს შორის არსებული უფრსკრული და როგორ დავამყაროთ კეთილმეზობლური ურთიერთობები ორ მეზობლად მდებარე სახელმწიფოს შორის. უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ჩვენს შორის ნდობა აღდგეს და საქათველომ და აფხაზეთმა ურთიერპატივისცემის საფუძველზე თანაარსებობა შეძლონ", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სერგეი შამბა.