აშშ-ის მიერ ტარიფების ზრდის შემთხვევაში, მექსიკა მსგავს საპასუხო ზომები მიიღებს. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
მექსიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საბაჟო გადასახადები მძიმედ იმოქმედებს აშშ-ის ავტომობილების მწარმოებლებზე, რომლებსაც საწარმოები მექსიკაში აქვთ, მაგალითად, General Motors-სა და Ford-ზე.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.
მექსიკის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის საკამათო საკითხებზე მოლაპარაკებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ნარკოტიკები ამერიკის პრობლემაა და არა მექსიკის.
შეინბაუმმა თქვა, რომ „არც მუქარა და არც ტარიფები არ გადაჭრის მიგრაციის და ნარკოტიკების მოხმარების პრობლემას შეერთებულ შტატებში“.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მექსიკამ უკვე მიიღო ზომები არალეგალური მიგრანტებისა და ნარკოტიკების ნაკადის შეზღუდვის მიზნით შეერთებული შტატების მიმართულებით.