უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებულ უკრაინის პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს არჩევნების მესამე ტურის ჩატარების იმედი აქვს. უკრაინის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან თავისი მოწინააღმდეგი ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა, პრემიერმა კვლავ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. ტიმოშენკო ასევე მოითხოვს უკანონოდ იქნეს ცნობილი უკრაინის ცესკოს მოქმედებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების დადგენასა და გამოცხადებასთანაა დაკავშირებული.
იულია ტიმოშენკო ასევე ადანაშაულებს უკრაინის ცესკოს "ამომრჩეველთა ნების რეალური დადგენის უკანონო უმოქმედობაში", ამიტომაც მოითხოვს უკანონოდ იქნეს აღიარებული ცესკოს მიერ 14 თებერვალს შედგენილი ოქმი არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესახებ, რომელთა მიხედვითაც რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი არჩევნებში გამარჯვებულად და არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ტიმოშენკო მოითხოვს "დაინიშნოს ხელახალი ხმის მიცემის დღე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მესამე კვირა დღეს".
აღსანიშნავია, რომ ადრე სასამართლომ დააკმაყოფილა ტიმოშენკოს სარჩელი და შეაჩერა "ცესკოს გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც განმეორებით არჩევნების შედეგების მიხედვით იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევას ეხება", სასამართლოში ამ საქმის განხილვის დასრულებამდე. ამავე დროს სასამარლომ უარი თქვა იანუკოვიჩისათვის საპრეზიდენტო ფიცის დადების აკრძალვაზე, რომელიც 25 თებერვალს უმაღლესი რადის საზეიმო სხდომაზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 48, 95 % მიიღო, იულია ტიმოშენკომ კი 45, 47 %.