დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თათბირი ჩაატარა, რომელსაც სეპარატისტული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და აფხაზეთის ე. წ. მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა თათბირზე დამსწრე საზოგადოებას მისი მოსკოვში გამართული ვიზიტისა და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო და აფხაზეთის შიგნით არსებული სიტუაცია მიმოიხილა.
ბაღაფშმა ე. წ. პრემიერ-მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში წარუდგინოს განსახილველად წინადადებები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს, მთავრობის პესონალურ შემადგენლობასა და ე. წ. მინისტრთა კაბინეტს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ეხება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ე. წ. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში სამუშაოდ მიღებისას უპირატესობა მიენიჭოთ ახალგაზრდა და პერსპექტიულ სპეციალისტებს.