საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, უკეთესი იქნება თუ კულტურის სამინისტრო ფინანსებს სხვა ისტორიული ძეგლების აღსადგენად მიმართავს და არა წარმატებული პროექტების დასანგრევად.
როგორც მან აღნიშნა, ყველამ უნდა მიხედოს იმას, როსთვისაც მოსახლეობამ ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" და მიხედონ იმას, რაც დღესაც აწუხებს მოქალაქეებს.
"უკეთესი იქნება თუ ენერგიას და ფინანსებს კულტურის სამინისტრო მიმართავს სწორედ სხვა ძეგლების დასახმარებლად და აღსადგენად და არა არსებულ, ლამაზი და წარმატებული პროექტების დასანგრევად მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ მომავალში ახალი ხელისუფლებაც მიხვდება, რომ ისეთ პროექტებთან ბრძოლა, როგორიც შუშის ხიდი, რაბათი და რესტავრირებული მცხეთაა, არაფერს მატებს არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მასმედიის წარმომადგენლებს გუშინ ის დოკუმენტი გააცნო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობიდან შევიდა.
დოკუმენტი მომზადებულია საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ, არის გრიფით „ფრიად სასწრაფო" და შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.
მანანა მანჯგალაძემ აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე პარაგრაფი წაიკითხა, რომლებიც რაბათის ციხის ცვლილებებს ითვალისწინებს.
ამასთან, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ ხელისუფლება რაბათის ციხის დაშლას არ აპირებს. საუბარია მხოლოდ იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რაც კომპლექსის განახლების პროცესშია დაშვებული.