საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი რუსეთის მიერ წამოწყებული წვრთნების სტრატეგიულ შედეგებში საფრთხეს ხედავს.
როგორც სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის მიერ მოულოდნელი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წამოწყებული ბოლო სამხედრო წვრთნების გამო ღრმადაა შეშფოთებული.
განცხადების თამახმად, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, აღნიშნული წვრთნების დროს რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაზე ყველაზე ფართო, მასშტაბური მანევრები განახორციელა.
"მაშინ, როდესაც საქართველო ერთგულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს გაკეთებული განცხადებისა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და უარს აცხადებს იკისროს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, შეიარაღებაზე კონტროლი და განიარაღების რეჟიმები, სხვადასხვა სახის CSBM-სთან (ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები) ერთად, ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.
"აქედან გამომდინარე, ზოგადად, ასეთი გაუფრთხილებელი ქმედებების სტრატეგიული შედეგი იქნება ის, რომ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკა ამ მექანიზმებს უგულვებელყოფს. მსგავსი ქმედებები კი, უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთნდობის განმტკიცების პროცესზე, რაც შედეგად, რეგიონულ უსაფრთხოებას გამოწვევის წინაშე აყენებს.