მე ვისურვებდი იმას, რომ ეს მთავრობა ყოფილიყო ღვინო რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება, უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს მთავრობა ჯერჯერობით არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ნაძალადევის რაიონში, სადაც „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია წარუდგინა.
შეხვედრაზე მოსახლეობას გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილმა, დავით ბაქრაძემ, ირმა ნადირაშვილმა და პაპუნა დავითაიამ მიმართეს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მას ჰქონდა ბევრი წარმატება, გამოწვევა, მარცხი და შეცდომა, მაგრამ ის არსებობს. ჩვენ საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მეზობელს, ახლობელს, მეგობარს, ერთი რამე უნდა დავუდასტუროთ, რომ ამ ქვეყანაში ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებული აზრის არსებობას. ეს განსხვავებული აზრი უნდა გამოითქმებოდეს თავისუფლად, არავის არ უნდა ჰქონდეს შიში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების და შევიწროვების. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც თითოეული ადამიანის მოსაზრება არის ყურადსაღები და არ ნიშნავს იმას, რომ დღეს უმრავლესობამ დაჩაგროს უმცირესობა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამ სპირალში შევალთ, ხვალინდელი უმრავლესობა დაგჩაგრავთ დღევანდელ უმრავლესობას და ასე დაზიანდება ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენთაგანი. აქ ბევრი ადამიანია ვისაც, სრულიად უსაფუძვლოდ, უსაგნოდ დაატარებენ სხვადასხვა უწყებებში, თხოვენ მათ სრულიად გაუგებარ ჩვენებებს, ავიწროვებენ, მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და შანტაჟი. ეს ყველაფერი დამთავრდება მხოლოდ ერთადერთი რამის შემდეგ, თუ ჩვენ დავანახებთ მთავრობას, რომ მან არ უნდა დაუშვას შეცდომა, რომ მათ უნდა ისწავლონ სხვის შეცდომებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, გავრცელებული ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებიდან 1 800 ადამიანი უსამართლოდ გაუშვეს სამსახურიდან, სხვადასხვა სამინისტროებში დასაქმებულმა დაახლოებით 4 000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომელთაც პირდებოდნენ ცხოვრების გაუმჯობესებას, მაგრამ დატოვეს უსამსახუროდ. ეს ხალხი არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ იყო, ეს ხალხი არიან თბილისელები, იმიტომ, რომ ძირითადი სამინისტროები, სწორედ აქ, თბილისში მდებარეობს. ბუნებრივია ეს ყველაფერი გულსატკენია და იწვევს იმედგაცრუებას. ქალაქში დღეს ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ გაჩერებულ მშენებლობებს, ვხედავთ უამრავ მაღაზიას, სადაც წერია, რომ ქირავდება, რადგან მაღაზიის მეპატრონეს აღარ უღირს მუშაობა. ყოველივე ამით სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკა ზარალდება და არ მგონია, აქ იყოს ადამიანი, ვისაც ეს მოსწონს.
აუცილებელია პარლამენტში ბალანსი, საკანონმდებლო ორაგნოში საჭიროა კიდევ უფრო მეტი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არსებობდეს და ამ აზრის დამცველი იყოს. ბოლოს გეტყვით, რომ 7 თვე გავიდა თითქმის არჩევნებიდან, მანახეთ თბილისის რომელი მაჟორიტარი ხვდება ხალხს და ინტერესდება მათი პრობლემებით, ძირითადად ეს ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ სკამების განაწილებით არის დაკავებული. ამ პროცესს აქვს ადგილი საკრებულოში, პარლამენტში, ჩვენ სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, აუცილებლად განსხვავებული აზრი და ამ შემთხვევაში, განსხვავებული დეპუტატი. პაპუნა ამ თვალსაზრისით საუკეთესო კანდიდატია, ის იურისტიც არის და სამსახურეობრივად ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ნაძალადევი ბოლო წლებში განსხვავებული გახდა და კიდევ უფრო მეტი გეგმები გვაქვს ჩვენ ამ რაიონთან დაკავშირებით.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მეგობრებო და ერთსაც გეტყვით, მე ვისურვებდი იმას, რომ ეს მთავრობა ყოფილიყო ღვინო რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება, უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს მთავრობა ჯერჯერობით არის ღვინო, რომელიც ძალიან სწრაფად ძმარდება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
.