პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ჩატარებული სარეიტინგო კენჭისყრა რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებად იქცა.
როგორც მან დღეს "for.ge"-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველა პარლამენტში ჩატარებულა არა ერთ და ორი სარეიტინგო კენჭისყრა, როდესაც სარეიტინგო კენჭისყრა ტარდებოდა და ამას ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.
მისი თქმით, აღნიშნული აჟიოტაჟი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ გამარჯვებად ჩაიწერა.
"ასეც ვთვლი, რომ უნდა განეიტრალებულიყო ახალი ხელისუფლების მხრიდან და "ნაციონალურ მოძრაობას" არავით შემთხვევაში არ უნდა მისცემოდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს კენჭისყრა საკუთარ გამარჯვებად წამოეჩინა, იმიტომ რომ ეს კენჭისყრა რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებად იქცა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "ნაცმოძრაობამ" საქართველოში უპირველეს ყოვლისა საკუთარ მომხრეებს და ასევე, ცოტა შეშფოთებულ ადამიანებს დაანახა, რომ მათ გარეშე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება.
ბურჯანაძის განცხადებით, მათ და "ქართულმა ოცნებამ" არ უნდა გაიმეორონ იგივე შეცდომები, რაც თავის დროზე "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლებას ჰქონდა, როდესაც კონსტიტუცია იმ კონკრეტულ ვითარებას მოერგო.
"ახლა არ შეიძლება, რომ ყველა უფლება წაერთვას პრეზიდენტს, სხვაგვარად ჩამოვართვათ მას ეს უფლებები ან თუ წავართმევთ, მაშინ დროებითი უნდა იყოს იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, ავტორიტეტული და დამოუკიდებელი პრეზიდენტი. ოღონდ პრეზიდენტი, რომელიც კრიჭაში კი არ ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", არამედ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ეფექტურ მოქმედებას", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სარეიტინნგო კენჭისყრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრაქტიკულად, თავისი მომხრეები გაამყარა და მერყევი ადამიანები ძალიან შეაშინა.