პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უახლოეს მომავალში ახალი ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება მან დღეს "for.ge"-ის პრესკლუბში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ, 2008 წელს რუსეთში გაგზავნილი წერილის შეფასებისას გააკეთა.
ბურჯანაძის განცხადებით, ჩანაწერებში, რომელსაც ის გამოქვეყნებს, მოყვანილია ფაქტები, თუ როგორ არ უნდოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.
მან ის ფაქტიც გაიხსენა თუ როგორ გადასცა ყოფილმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან 2 კვირის შემდეგ რუსეთს ენგურჰესი.
"მე მივმართე მაშინდელ ამერიკის ელჩს, ბატონ ტეფტს და ვკითხე - ბატონო ელჩო, თვენ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ომის დამთავრებიდან 2-3 კვირის შემდეგ, ჩემმა მთავრობამ, ჩვენი სახელმწიფოს პრეზიდენტმა და მთავრობამ რუსეთს და როგორც თავად იძახდნენ და რეალურად ოკუპანტ ქვეყანას გადასცეს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ობიექტი მეთქი?", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, როგორც ელჩმა უთხრა, ის საქმის კურსში არ იყო, თუმცა ამის მიუხედავად არაფერი შეცვლილა.
"მე ცოტა ხანში თქვეენ წარმოგიდგენთ მასალას, როგორ არ უნდოდა სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და როგორ დაბლოკა მან მაშინდელი გერმანიის კანცლერის და დღევანდელი, ქალბატონი მერკელის წინადადება - ჩემი აქტიური მონაწილეობით პრობლემების მოგვარებისა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, მარტო აღნიშნული თემაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად გააანალიზოს ვინ არის რეალურად პროროსული და ვინ ახორციელებს რეალურად რუსეთის ინტერესებს საქართველოში.