საქართველო ჩრდილოკავკასიურ ხალხებთან რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი დღეს სპეციალურ განცხადებას მიიღებს.
როგორც განცხადების ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური განმარტავს, დოკუმენტში ჩაიწერება, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო მზად არის ჩეჩნეთთან, ინგუშეთთან, ყაბარდო-ბარყალეთთან, ყარაჩაი-ჩერქეზეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან თანამშრომლობა გახდეს უფრო ინტენსიური და მან სხვადასხვა კონტურები შეიძინოს.
"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ იმ ხალხებთან, რომელთანაც ისტორიულად მყარი ურთიერთობა გვაკავშირებდა, კავშირი გავწყვიტოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ აგრესიული მეზობელი გვყავს რუსეთის სახით. განცხადებაში დაკონკრეტებული არ იქნება კონკრეტული მიმართულებები, რა კუთხითაც ჩრდილოკავკასიელ ხალხებს თანამშრომლობას ვთავაზობთ, თუმცა მასში გამოთქმული იქნება სურვილი, რომ ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს და მან სხვადასხვა კონტურები შეიძინოს", - აცხადებს წიკლაური.
მისივე განმარტებით, ქართულ მხარეს არ აქვს იმის ილუზია, რომ ამ წინადადებას ჩრდილოკავკასიიდან ცხოველური ინტერესი მოჰყვება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ "საქართველოს ეს კეთილი ნების ნაბიჯი უნდა გადაედგა".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ჩრდილოკავკასიის პარლამენტებთან ურთიერთობის ინტერფრაქციული ჯგუფი ფუნქციონირებს. აღნიშნული განცხადებაც სწორედ ამ ინტერფრაციული ჯგუფის მიერაა მომზადებული.