ნატო-ს ახალი მხარდაჭერის ინიციატივა - Prioritised Ukraine Requirements List, (PURL)-ის ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, უკვე იძლევა ხელშესახებ შედეგებს: დღეს უკრაინისთვის უკვე ხელმისაწვდომია 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი, - ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
Telegram-ში მან აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის წყალობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ითანამშრომლონ უკრაინისთვის შეერთებულ შტატებში წარმოებული იარაღის შესაძენად. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს არის მექანიზმი, რომელიც ნამდვილად აძლიერებს უკრაინის თავდაცვას.
„დღეისათვის ნიდერლანდებმა 500 მილიონი დოლარი შეიტანეს, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ერთობლივმა შენატანმა 500 მილიონ დოლარს მიაღწია, გუშინ კი გერმანიამ კიდევ 500 მილიონი დოლარი დაამატა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გაძლიერებაა და მადლობელი ვარ გერმანიის ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„PURL-ის [უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების სია] ფარგლებში შეტანილი თითოეული წვლილი პირდაპირი ინვესტიციაა ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე და მოვაახლოვოთ ღირსეული მშვიდობა. მადლობა ჩვენს ყველა მოკავშირეს უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ახალი მექანიზმის,[PURL], ამოქმედების შესაზებ განაცხადეს, რომელიც ალიანსის წევრების შენატანებით ამერიკული იარაღის დაფინანსებას ითვალისწინებს.