სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ნოე ქინქლაძის განცხადებით, 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, 2012 წელს, დახმარების შესახებ ბოლო მოთხოვნაზე აბაშიძეების ოჯახის ხელახალი შემოწმებისას პრობლემა დოკუმენტაციის არქონამ შექმნა.
მისი თქმით, ოჯახის წევრებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ.
სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სააგენტო კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში მოქმედებს.
"მოხდება გამოძიება. გამოძება შეისწავლის რა ხდებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რა თქმა უნდა ეს მეთოდოლოგიაც დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში. ასევე, მოვა იმ რეალობასთან რაც ქვეყანაში არის. თუ სოციალურ აგენტს შეცდომა დაშვებული აქვს, რა თქმა უნდა ის სამსახურს დატოვებს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ქინქლაძემ.
მისივე თქმით, სააგენტო მოკვლევის პროცესშია და ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომპლექსური შედეგი დადგება.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში, 1 წლის გოგიტა აბაშიძე გუშინ გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დაწესებულების ექიმები განმარტავენ, მასის დეფიციტი ქონდა. გოგიტა აბაშიძე 4 კილო და 200 გრამი დაიბადა და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა იყო.