საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებს თელავი მასპინძლობს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპელი ელჩები და მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის გაძლიერებაში ევროკავშირი დაეხმარა. სტუმრებმა მონაწილოება მიიღეს კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.
"ევროპის დღე 2026 კახეთს ეწვია, რომ უკეთ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირის გაცნობა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პარტნიორობის, საერთო ღირებულებების და საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სიმტკიცე.
ღონისძიება სახელწოდებით „ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი.“ მეღვინეობა “მოსმიერში” გაიმართა. ევროპის დღემ კახეთში თავი მოუყარა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორებს და ადგილობრივ მოსახლეობას. კულტურის, კულინარიის, დიალოგისა და ინტერაქტიული აქტივობების მეშვეობით, სტუმრები გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და როგორ ხდება მოქალაქეთა მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტი-ევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა, ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.”
გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა. დახმარება მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის „ევროკავშირი შენთვის“ (EUwithYou) ფარგლებში, 30–წლიანი პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების საშუალებით მოხდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; მოხდება მცირე ქალაქებისა და სოფლების განვითარების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის აფხაზეთში, და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. ეს ახალი დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.
მეღვინეობა „მოსმიერში“ „ევროპის გუნდის“ (Team Europe) მიერ შექმნილმა სივრცემ გააერთიანა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც საკუთარი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო წარადგინეს, ხოლო „ევროპულ-ქართულმა სუფრამ“ ევროპული კულინარიული ტრადიციები კახურ სტუმართმოყვარეობასთან შეაზავა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა და ბენეფიციარებმა წარადგინეს ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდობის, მეწარმეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და რეგიონული განვითარების სფეროებში.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მონაწილეობდნენ ღვინისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასებში, ველომსვლელობაში, „მწვანე კუთხის“ აქტივობებში, საბავშვო თეატრსა და კულტურულ წარმოდგენებში; ვირტუალური გარემოს წყალობით იმოგზაურეს ევროპის ქალაქებში და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა თამაშში „ევროკავშირის ცოდნის ბორბალი“. ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების გამოფენით გაგრძელდა და ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა.
ევროპის დღეს კახეთში მარტივი გზავნილი ჰქონდა: ევროპა არის ადამიანები, საერთო ღირებულებები, კავშირები და შესაძლებლობები"-, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე ხელსიუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებიან.