იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი დავით სააკაშვილის გაცხადებით, იუსტიციის მინისტრი სკოლის შეფასებისას ცრუობს.
როგორც დავით სააკაშვილი აცხადებს, დღეს მოსამართლეებთან შეხვედრაზე წულუკიანმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე ვრცლად ისაუბრა და მისი მუშაობა გააკრიტიკა.
სააკაშვილის თქმით, წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ძმა არ უნდა მართავდეს მომავალ და არსებულ მოსამართლეთა განათლების პროცესს.
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორად 2001 წელს დავინიშნე, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადავდექი, რათა თავიდან ამეცილებინა პოლიტიკური სპეკულაციების გამძაფრება, რაც უარყოფითად აისახებოდა სკოლის განვითარების პროცესზე. ქალბატონი თეა სკოლის საქმიანობის შეფასებისას ცრუობს", - განაცხადა დავით სააკაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით სკოლამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და პროფესიონალი მოსამართლეების მომზადების-გადამზადების ცენტრი გახდა.
სააკაშვილის განცხადებით, მინისტრი ძალიან ცდება, როდესაც სკოლის ყველაზე დიდ "განსაცდელად" პრეზიდენტთან ნათესაური კავშირის გამო მას ასახელებს.
"მინდა მივმართო ქალბატონ თეას - ის დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს ხელმძღვანელობს და ამგვარი უპასუხისმგებლო, პოლიტიკური განცხადებები არ შეეფერება. დემოკრატიულ სახელმწიფოში "გვარებად" საზოგადოების დაყოფა დაუშვებელია. ეს მას უნდა ესმოდეს, როგორც დასავლური ღირებულებების მატარებელ სახელმწიფო მოღვაწეს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის ძმა მოსამართლეთა მჭედელი არ უნდა იყოს. ამის შესახებ მან მოსამართლეთა კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.