კოტე კუბლაშვილი, ისევე, როგორც სხვა მაღალჩინოსნები, არიან მიხეილ სააკაშვილი იდეოლოგიის მხვერპლნი - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ გაუგია კუბლაშვილის შესახებ, რომ იგი არის მექრთამე ან მდიდარი ადამიანი, თუმცა, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კუბლაშვილი ერთი ადამიანისთვის და სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა.
"ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრს ჯეროდა, რომ დემოკრატიული ქვეყანა შენდებოდა და მათ შორის იყო კოტე კუბლაშვილიც. ამავდროულად, სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, მართლა ბევრი ძალიან კარგი რამ გაკეთდა," - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კოტე კუბლაშვილს ჰქონდა ძალიან მძიმე დაავადება და მას პრეზიდენტი დაეხმარა, რის გამოც კუბლაშვილი სააკაშვილისგან თავს მუდმივად დავალებულად გრძნობდა. პრემიერ-მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ამ ფაქტის გახსენების გამო იგი თავს უხერხულად გრძნობს.
ივანიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს.
მასალის გამოყენების პირობები