საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ იმიჯს საბოლოოდ გაინადგურებს.
როგორც მან რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა, 2004 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში მოვიდა, პირველი რაც გააკეთა კანონი შეცვალეს.
მისი თქმით, 2004 წელს უპრეცედენტო ცვლილება მივიღეთ, რომლითაც 9 წლის განმავლობაში ვსარგებლობდით.
"მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად სარგებლობდა, რამეთუ ამის შედეგი იყო, რომ პარლამენტი პრაქტიკულად იყო დანამატი სააკაშვილის სურვილების. ძირითადად, ყველაფერს განაგებდა ხელისუფლება. პარლამენტის მხოლოდ სურვილებს უგზავნიდნენ და პარლამენტიც, როგორც წესი კატასტროფულ კანონებს იღებდა, ამ კაცის სურვილებიდან გამომდინარე", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო მმართველობის შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს მთავრობა დაითხოვოს, ახალი მთავრობის შემადგენლობა აირჩიოს და სამჯერ პარლამენტს წარუდგინოს.
ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ასევე აქვს უფლება პარლამენტი დაითხოვოს დაახალი არჩევნები დანიშნოს.
"პარლამენტის დამტკიცების გარეშე არსად, არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება ახალი ხელისულება დაამტკიცოს. ეს ნორმა შემოიტანა სააკაშვილმა, როცა მობრძანდა პოლიტიკაში. ჩვენი გამოუცდელობის მიზეზია ის, რომ ისეთ ტაშ-ფანდურაში ვიყავით და აზრზეც არ ვიყავით რა ხდებოდა ქვეყანაში რეალურად", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტი პრაქტიკულად, თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უპრეცედენტო ნორმა შემოიტანა, რომ პრეზიდენტს ახალი მთავრობის დამტკიცება პარლამენტის გარეშეც შეუძლია.
"ერთი კვირა რჩება, სანამ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში შევა. ძალიან დიდი ალბათობით ხმების რაოდენობა იქნება იმაზე მეტი რაც სჭირდება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება გავიდეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ მოახერხოს ამ კანონის შენარჩუნება დღეს, 2013 წელს ეს იქნება კატასტროფა მათთვის. დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ რომ გამოაცხადოს, რომ მათ ეს კანონი უნდათ, არც ერთ ევროპულ პარტიაში მათთვის ადგილი არ იქნება და აბსოლუტურად გაინადგურებენ თავს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცვლილება ჩავარდება, სასარგებლოცაა, რომ "ნაცძრაობა" თავის თავს საბოლოოდ გაინადგურებს, ამერიკასა და ევროპაში კი, კატასტროფულ იმიჯს მიიღებს.