,,ლაპარაკი იმაზე, რომ აგრარული ,,უნივერსიტეტი დახურეს" ტყუილია", _ აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების კომენტირებისას და აღნიშნავს, რომ ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას.
,,რამდენადაც აგრარული უნივერსიტეტის გამო ბევრი მომმართავს, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი კვირაა არ ვიმყოფები საქართველოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვარ ბიულეტენზე, პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესის მიმართ არ ვიხსნი. რაც შეეხება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას, ანუ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "უნივერსიტეტი დახურეს" და ა. შ. არის ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს მიეცა ვადა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად (სხვათა შორის პრაქტიკულად ამასვე ითხოვდა უნივერსიტეტის რექტორი). თუ ეს ხარვეზები გასწორდება, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტს შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება. კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის შესახებ მიღებულ იქნას პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე. ყველაფერი გაკეთდება მხოლოდ კანონის შესაბამისად", - აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა.