უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ,,საერთო სასამართლოების შესახებ"' კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პოზიტიურად აფასებს. როგორც კუბლაშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა იგი მიესალმება ვენეციის კომისიის მონაწილეობას სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების პროცესში.
,,მივესალმები ვენეციის კომისიის ჩართულობას ნებისმიერ ისეთ საკითხში, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. საერთო ჯამში დადებითად ვაფასებ ამ პროცესს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ,,სასამართლო ხელისუფლების შესახებ" კანონპროექტის განხილვის პროცესში. მინდა დადებითად შევაფასო ის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილი იყო ვენეციის კომისიის სხდომაზე და ის განმარტებები, რომელიც ვენეციის კომისიამ გააკეთა", -განაცხადა კუბლაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით კმაყოფილია.
კუბლაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს პოზიცია, რომ დაუშვებელია მოხდეს იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის შეცვლა. როგორც კუბლაშვილმა განმარტა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ მოქმედ იუსტიციის საბჭოს წევრებს ამ ეტაპზე უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია ,,საერთო სასამართოების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.