"როდესაც ივანიშვილი ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ არავითარ ფასად უარს არ იტყვის "ტერიტორიულ მთლიანობაზე" - ის პირდაპირ საუბრობს ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენს მიწაზე", _ წერს კაზიმირ ფლიევი ცხინვალს რეგიონში მოქმედი სახალხო პარტიის თავმჯდომარე თავის სტატიაში და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურას ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს.
"თუ საქართველო ბიძინა ივანიშვილის დროს ნატოში გაწევრიანდა მას რუსეთთან მეგობრობა არ გამოუვა, ვინაიდან რუსეთის უსაფრთხოების ნაციონალურ კონცეფციაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო სფეროში ძირითადი საფრთხეები განპირობებულია შემდეგ ფაქტორები: სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისა და კავშირების გამყარებით, უპირველეს ყოვლისა კი ნატოს გაფართოებით აღმოსავლეთისაკენ", _ წერს ავტორი და ყურადღებას ივანიშვილისა და ცხინვალის რეგიონის ურთიერთობაზე ამახვილებს.
"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველომ შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს აგრესიებს რომლებიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩაიდინა, უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მთლიანად უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
ივანიშვილმა ამ პუნქტების შესრულება დაიწყო. მაგრამ როგორ? მან სააკაშვილი და მისი ხელისუფლება 2008 წლის მოვლენებში დაადანაშაულა, მაგრამ მას სამხედრო აგრესიებისათვის, შესაბამისი შეფასება არ მიუცია, რასაც თიბილოვი მოითხოვს. პირიქით. ივანიშვილმა განაცხადა: "სააკაშვილმა თავისი პროვოკაციით, გამოიწვია პროცესები, რომლებიც შესაძლოა არ მომხდარიყო საქართველოში რომ ნორმალური ხელისუფლება ყოფილიყო და რეალურად ჩვენ ახლა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული გვაქვს".
როდესაც ივანიშვილი - მეზობლად მდებარე, ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს თანამდებობის პირი აკეთებს საჯარო განცხადებებს იმის შესახებ, რომ არავითარ ფასად უარს არ იტყვის "ტერიტორიულ მთლიანობაზე და რომ დაიბრუნებს "თავის" ტერიტორიებს - ის პირდაპირ საუბრობს ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენს მიწაზე", _ წერს ფლიევი და აგრძელებს: "მიგვაჩნია, რომ ამის პასუხი სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური წყობის დასაცავად.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება შეინარჩუნოს "სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული" რომელსაც სათავეში სანაკოევი უდგას მეტყველებს რეალურ განზრახვებზე ამ "მშვიდობისმყოფელისა" ჩვენს მიმართ".
ამას გარდა, სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ნაციონალური უსაფრთხოების კონცეფცია უნდა შეიმუშავოს და მის საფუძველზე სამხედრო დოქტრინა უნდა დაამტკიცოს.