ცხინვალის რეგიონში გამომავალი გაზეთი "რესპუბლიკა" ქართული ჩოხის შესახებ წერს, უფრო კონკრეტულად კი ქართველი პარლამენტარების მიერ ეროვნულ სამოსთან დაკავშირებით გახმოვანებულ ინიციატივას ეხმაურება.
ოსი სეპარატისტები წერენ: "ამიერიდან ქართველი დეპუტატები ან პროტოკოლის მიხედვით უნდა იყვნენ ჩაცმულნი ან ნაციონალური პრონციპის მიხედვით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საუბარი ჩოხაზე მიდის".
სეპარატისტები ხაზსმით აღნიშნავენ, რომ ქართველები ჩოხას თავის ნაციონალურ სამოსად მიიჩნევენ.
"ქართველები მას (ჩოხას) თავის ნაციონალურ სამოსად მიიჩნევენ, მათ შორის თავად ჩოხას, ყაწიმებს და ხანჯალს. ამ იდეის მთავარი ინიციატორი "მეოცნებე" ბიძინა გუჯაბიძეა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ინიციატივის მთავარი მიზანი - "ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა", _ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ ივლიან თუ არა "მემკვიდრეობის დამფასებლები" სამსახურში არა ავტომობილებით არამედ ცხენებით ჯერ ჯერობით გაურკვეველია.
ამასთან ერთად, ოსი სეპარატისტები ქართველ პარლამენტარებს "ზეციდან მიწაზე დაშვებას" ურჩევენ.
"ქართველი პარლამენტარები ზეციდან მიწაზე უნდა დაეშვან, ვინაიდან ჩოხასთან დაკავშირებით მათ ზედმეტი მოუვიდათ. ჩერკესკა (როგორც ჩოხას უწოდებენ სეპარატისტები) ხანჯლით - ეს ჩრდილოკავკასიელი ხალხის ტრადიციული ჩაცმულობაა. ქართველებს კი ფართო შარვლები და ჩუსტები ეცვათ. თვალსაჩინოებისათვის ფიროსმანის ნახატები გაიხსენონ ან ეთნოგრაფიული მუზეუმის ჩანახატები", _ წერენ ოსი სეპარატისტები.