რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ენგურზე მდებარე საქართველო- აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები რეჟიმი გაამკაცრეს და ამისათვის დამატებითი ძალებიც მოიზიდეს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წამომადგენლობის თავმჯდომარემ ოთარ გოგოხიამ დაადასტურა.
"საზღვარზე მიმოსვლა გაამკაცრეს და ამისათვის მდინარე ენგურზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დამატებითი ძალებიც მოიზიდეს. მდინარე ენგურზე რუს კონტრაქტორ სამხედროთა ხარჯზე პრაქტიკულად გასამმაგებულია ე.წ. მესაზღვრეთა რაოდენობა", _ აცხადებს გოგოხია და გავრცელებულ ინფორმაციას მდინარე ენგურზე ოკუპანტების მიერ დიდი ჭიშკრის დაკიდების შესახებ არ ადასტურებს.
"ჭიშკარი იქ არ არის, თუმცა ე.წ. მესაზღვრეთა რაოდენობა პრაქტიკულად გასამმაგებულია და გადასვლის რეჟიმი გამკაცრებული", _ აცხადებს გოგოხია სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის აფხაზეთში გავლის მსურველთა რაოდენობა რუს ჯარისკაცებში ძალიან გაზრდილია.
მასალის გამოყენების პირობები