,,მე მზად ვარ კანონის წინაშე ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი, რომელიც საზოგადოებას გააჩნია", _ამის შესახებ ,,პოლიტიკო.გე" პრესკლუბში სტუმრობისას თავდაცვისა და განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომელიც აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პირველად პასუხობს.
დიმიტრი შაშკინმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოდან წასვლისა და უკან დაბრუნების მიზეზებიც განმარტა.
,,ქვეყნიდან წავედი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე და ამაზე არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის ეს იყო ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, მათ შორის ჩემი ჯანმრთელობის საკითხი, რომლის დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო. რატომ ჩამოვდი ამასაც აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ხუთი თვის განმავლობაში მივხვდი, რომ მიუხედავად იმედგაცურუებისა, მე ვთვლი, რომ ჩემი შვილები საქართველოში უნდა გაიზარდნონ, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მინდა, რომ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში და ჩემი შვილები გაიზარდნენ აქ", -განაცხადა ჟურნალისტებთან დიმიტრი შაშკინმა და აღნიშნა, რომ მისი ადგილი საქართველოშია.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინი პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში არ იმყოფებოდა და იგი აშშ-დან გუშინ დაბრუნდა.