რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ორგანოებს უფლება ექნებათ თავისი მრჩევლები და სპეციალისტები მუდმივ საფუძველზე უცხო ქვეყნებში ამ ქვეუნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით გააგზავნონ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
შესწორებები "ფედერალური უსაფრთხოების შესახებ" კანონში საერთაშორისო ხასიათის დანაშაულთან საბრძოლველად შედის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური უცხო სახელმწიფოებში თავის თანამშრომლებს სამიდან-ექვს წლამდე ვადით აგზავნის.
საზღვარგარეთ ისინი თავიანთ კოლეგებს კონსულტაციურ და მეთოდურ დახმარებას უწევენ სხვა და სხვა სახის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას. შეთანხმებები ასეთი სახის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულია აფხაზეთთან , ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და ყირგიზეთთან. გაზეთი აღნიშნავს, რომ მომავალში ეს ნუსხა შეიძლება გაიზარდოს.