ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში (NUPI) გამართა. სემინარს სახელწოდებით-"საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ-გეოპოლიტიკური არჩევანი" ქ. ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ დადგა.
სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიის არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების კუთხით ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჟენევის ფორმატის , როგორც მოლაპარაკებების უმთავრესი მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
ნორვეგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ნორვეგიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე, ნორევეგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.