,,ქვეყანაში სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს', -განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დაისჯება.
,,აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ არსებობს, არის მშვიდი სიტუაცია და თუ ვინმე დაგეგმავს ან გეგმავს პროვოკაციებს ის მკაცრად დაისჯება", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგები შეაფასა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობასა და ორი ქვეყნის წინაშე მდგარ საერთო საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა.
„ძალიან თბილი დახვედრის გარდა, დავინახე რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვიმყოფებით ჩვენც და აზერბაიჯანიც. რუსეთში შეიქმნა დიასპორა, რომელშიც არის ვინმე გარდაბნელი სადიკოვი, ძალიან მდიდარი რუსი, ერთ-ერთი ე.წ. ბიზნესმენი, შეიყვანეს ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა რუსი მილიარდელი, რომელთა მიზანია ზუსტად იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის, ამ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, როგორი სცენარითაც საქართველოში აწარმოეს გასული წლის ოქტომბერში, არჩევნებზე - ფულის გამოყენებით, ოლიგარქების გამოყენებით, რუსული კაპიტალის გამოყენებით, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. ეს სადიკოვი არის გარდაბნელი და ამ სადიკოვმა ერთდროულად განაცხადა, რომ ის იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის. რამდენიმე დღის წინათ ე.წ. ამნისტიით ციხიდან გამოშვებულმა ჩახალიანმა, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისში რედისონში მოაწყო პრესკონფერენცია, რომელზეც ჩემი დაპატიმრება მოითხოვა. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ იგი მთელი ამ წლების განმავლობაში ითხოვს ჩემს დაპატიმრებას. ჩვენი საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს, რადგან ეს ვითარება ძალიან მეცნობა - 90-იან წლებს მახსენებს. როდის იყო ბოლოს ლაპარაკი საქართველოში ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე - ბოლო 8 წელიწადი არ ყოფილა. მე სულაც არ მიხარია, რომ ახლა ამაზე ვსაუბრობ. დღეს ეს თემა წამოიჭრა, რადგან ჩვენ რომ უკეთესად გვემოქმედა, ჩახალიანი რომ არ გაგვეშვა, რომ არ გვესმოდეს არსებული საფრთხეები, მაშინ, ალბათ, ყოველივე ამაზე საუბარი არ იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველას გვმართებს სიფრთხილე და რეგიონალური კოორდინაცია.