ბიზნესმენისთვის პოლიტიკაში მოსვლა ხაფანგია, - აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროდფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ხაფანგი ჩნდება, როდესაც ის პოლიტიკაში მოდის და იწყებს მთავრობაში მოღვაწეობას.
"იმიტომ რომ მას გადმოაქვს ის მენეჯერული თვისებები, რაც ბიზნესისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ხშირად გაგვიგია, რომ მთავრობაში გვჭირდება მენეჯერები. ამას ამბობდა ნოღაიდელი - მე მენეჯერი ვიყავი კარგიო. გურგენიძეც ამას ამბობდა და სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობაც ამას გაიძახის. ჩემი ღრმა რწმენით, მენეჯერის ადგილი მთავრობაში არ არის. მენეჯერი არ სჭირდება მთავრობას. ის სჭირდება ბიზნესს. მთავრობას სჭირდება მმართველი. მმართველსა და მენეჯერს შორის ძალიან დიდი და სერიოზული განსხვავებაა. მენეჯერი არის ბიზნესის წარმმართავი. ბიზნესის ძირითადი მიზანია კომპანიამ მიიღოს მაქსიმალური მოგება, ან კომპანიის ფასი გაიზარდოს. ქვეყნის მმართველის ხედვა სულ სხვა რამეა. მან ქვეყნის ფასი კი არ უნდა გაზარდოს, არამედ უნდა იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდგრად განვითარებაზე, ანუ პრინციპული ხედვა არის სხვა. მაშასადამე, ის, თუ როგორ უნდა წარვმართო ქვეყანა, განსხვავდება იმისაგან როგორ ვმართო ბიზნესი. ამიტომ ფონდების შექმნა ეს არის ბიზნესმენის ხედვა. მაგრამ ამ ფონდების იქით რა ხდება ქვეყნისათვის ეს უნდა თქვას უკვე ეკონომისტმა. ამიტომ ამაზე პასუხი უნდა ვთხოვოთ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეს მისი ფუნქციაა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სამინისტრო, დღევანდელი მდგომარეობით, ეს სამინისტროა. ეს არც სამინისტროსთვისაა კარგი და არც ქვეყნისთვის", - აცხადებს პაპავა და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს ეს საფრთხე ემუქრება. "სწორედ ამიტომ ვთავაზობ კიდევ ერთხელ "ალიას" საშუალებით მან შექმნას ეკონომიკური საბჭო და ცოტა სხვანაირად შეხედოს ქვეყანას. ეს ხაფანგი პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა", - აცხადეს ლადო პაპავა.