პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა, საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო. "რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე არც ვიოცნებებდით. ჩვენ ევროკავშირის რადარზეც არ ვიყავით, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ წელს, ვილნიუსის სამიტზე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში განვხილულიყავით, როგორც ევროკავშირის პოტენციური წევრები", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, დღეს იყო დოკუმენტის განხილვა, რომელიც საქართველოს აწყობს და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და "მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, როგორც მესმის, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ეს დაბლოკეს".