„დემოკრატიული მოძრაობა" მთავარი პროკურატურის მიერ 26 მაისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროკურატურის ძალისხმევას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
" ჩვენი პოლიტიკური ძალა პირველივე დღეებიდან მოითხოვდა ობიექტურ გამოძიებას, ვინაიდან გვინდოდა სრული სიმართლე სცოდნოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. გვესმოდა ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს, რომელმაც დანაშაულებრივად დაგეგმა და განახორციელა 26 მაისის სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაცია, ამ საქმეზე ნათლის მოფენა შეუძლებელი იქნებოდა.
რამდენიმე დღის წინ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო შემოთავაზება, რომ პარტიის ოფისში მოვიდოდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი და 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოისმენდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ახსნა-განმარტებას, თუმცა ქალბატონმა ნინომ, გამოძიებისათვის მაქსიმალურად ხელის შეწყობის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად მივიდეს საგამოძიებო ორგანოში და მისცეს ჩვენება.
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მთავარ პროკურატურაში მისვლა დაგეგმილია 2013 წლის 27 თებერვალს 14 საათზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „სახალხო კრების" ლიდერებისა და წევრების უმრავლესობა უკვე იმყოფებოდნენ საგამოძიებო ორგანოში, მათ შორის: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, შალვა ოგბაიძე და სხვები. ასევე უკვე დაკითხულნი არიან ის ადამიანები, რომლებიც 2011 წლის მაისის მოვლენების დროს პირადად დაზარალდნენ”, - ნათქვამის დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურის განცხადებაში.