მოსკოვში პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ვიზიტი არ იგეგმება, აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა განაცხადა. "ვიცი რაც დაწერა რუსულმა მედიამ. თუმც მოსკოვში ვიზიტი დაგეგმილი არ არის და ამ ეტაპისთვის არც განიხილება"- განაცხადა თოქმაჯიშვილმა.
"მოსკოვში პრემიერ ივანიშვილის დასახვედრად მზად არიან", _ ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "იზვესტია" სტატიას, რომელშიც აღნიშნულია რომ რუსეთის მთავრობა ქართული დელეგაციის ვიზიტისათვის ემზადება და დარბაზებს რთავს. მათი ინფორმაციით, მთავრობის აპარატი საქართველოს დროშებს ყიდულობს თეთრ სახლში მოლაპარაკებების გასამართად.
"რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენა ახალ სიბრტყეში გადადის. ამას მოწმობს ორმხრივი მოლაპარაკებების აქტივიზაცია და შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნებისა, რომლებიც კვირის ბოლოს პრაღაში ხვდებიან ერთმანეთს.
თეთრ სახლში საქართველოს სამი დროშაც შეიძინეს უკვე იმ შემთხვევაში თუ თბილისიდან ქართული დელეგაცია ბიძინა ივანიშვის ხელმძღვანელობით ჩამოვა", _ წერს "იზვესტია" და რუსეთის მთავრობაში არსებულ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული დროშების შესყიდვა, რომლებზეც მოთხოვნა მთელი ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა და ისინი არც ჰქონდათ თეთრ სახლში "მართლაც შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს მოსკოვში უკვე 2013 წელს ელიან".
"დელეგაცია ივანიშვილის მეთაურობით ჩამოვა. თარიღები და ვიზიტის დეტალები ჯერ ჯერობით ზუსტდება. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა მთავრობის სასახლის მისაღებ დარბაზებში იქნება გამოფენილი და ასევე იმ სივრცეებში სადაც ოფიციალურ ქართული დელეგაციასთან მოლაპარაკებები შედგება", _ განაცხადა წყარომ "იზვესტიასთან" საუბარში და აღნიშნა, რომ ჯერ ჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებზე.
წყარო აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში დელეგაციების მიღების უფლება აქვთ ან პრემიერს ან ვიცე-პრემიერებს. ზივესტია გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალური ხელისუფლება ამ ვიზიტისათვის მზადებას უარყოფს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას.