21-ე საუკუნეში არ შეიძლება სასამართლო სტრუქტურა იყოს ასეთი უსუსური და მართული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა გიგი უგულავას საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობაზე სასამართლოს უარის კომენტრირებისას განუცხადა.
"21-ე საუკუნეში არ შეიძლება სასამართლო სტრუქტურა იყოს ასეთი უსუსური და მართული. საქართველოში სასამართლოში მოხდა ფსევდო რეფორმა, როგორც ვხედავთ ზოგიერთ მოსამართლეს უმაღლესი განათლებაც კი არ გააჩნიათ. კარგია წერა-კითხვა მაინც თუ იციან და ანბანს არ იშველიებენ", - განაცხადა ჩრდილელმა.
მისვე თქმით, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, კვაზი-სასამართლო არის უკანასკნელი ციტადელი.
" ზუსტად ამ ციტადელის იმედი აქვს იმ ხალხს ვინც ციხეებში აუპატიურებდა პატიმრებს, ვისაც შუაღამეზე ნოტარიუსთან დაყავდა მეპატრონეები და წილებს აფორმებინებდა და ასეთი კრიმინალური მენტალობის მქონე ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებს.
საქართველოს მოსახლეობამ და უკვე უცხოეთშიც კარგად იციან, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად ერეოდა სასამართლო სისტემაში. ხომ არ დაგვავიწყდა თუ როგორ ჩუქნიდა ის 1ლარად მოსამართლეებს აგარაკებს თუ ფეშენებელურ ბინებს. აი ზუსტად ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც ეხლა განაჩენი გამოაქვთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა.
ჩრდილელმა მედიის მისამართითაც გააკეთა მოწოდენა და აღნიშნა, მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვ გამოიძიონ, ხომ არ არის რამე სადავო ბუკიას ბაღთან მდებარე ბინასთან მიმართებაში, სადაც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კუბლაშვილი ცხოვრობს.
"ასევე მინდა ჟურნალისტებს ვთხოვო, რომ დაინტერესდნენ თუ რა საშუალებით ცხოვრობენ მოსამართლეები და ე.წ. კონსტიტუციონალისტები.
პირადად მე, სტრასბურგში ყოფნისას ცალსახად განვუცხადე ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანს, ბატონ ვოიცეხ სავიცკის, რომ ჩვენ ვართ დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები და იქვე მივმართე მათ, თუ რა აზრის იქნებოდნენ მათ ქვეყანაში, თუნდაც საფრანგეთში, რომ ფრანსუა ოლანდს 1 ევროდ გადაეცა სენ-ტროპეში ან ნიცაში აგარაკები, ბინები და მიწები მოსამართლეებისათვის ან იგივე ქმედება განეხორციელებინა იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯო ნაპოლიტანოს და იგივე 1 ევროდ გადაეცა უძრავი ქონება მოსამართლეებისათვის. დავინტერესდი და მათ ვთხოვე ეფიქრათ თუ რა მოხდებოდა ასეთი ფაქტების შემდეგ საფრანგეთის ან იტალიის მთავრობაში, რა რეაქცია ექნებოდა მოსახლეობას თუ არასამთავრობო სექტორს და რა არის ეს, თუ არა კორუფცია?! ამ ფაქტებით კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ საქართველოში სააკაშვილის ხელმძღვანელობით თავის დროზე, ჩატარდა სასამართლოს კვაზი-რეფორმა და რომ ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება სასამართლო სტრუქტურებში ჭეშმარიტად ევროპული გამოცდილება და რეფორმები", - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.
პარლამენტარის თქმით, სამწუხაროდ საქართველოში თემიდა-ბრმა, ყრუ და მუნჯია.
"მოსამართლენო გახსოვდეთ ციცერონის სიტყვები: მოსამართლე მოლაპარაკე კანონია, ხოლო კანონი- მუნჯი მოსამართლეა!", - აღნიშნა ჩრდილელმა.