დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალსტრომს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოს მიერ შესასრულებელი სამოქმედო გეგმის გადმოცემისათვის.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ქვეყნის პროგრესი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრის დაცვა, წარმატებული ბრძოლა ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული და კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ. სესილია მალსტრომმა ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ მომავალში, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, მათ შორის, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. ევროკომისარმა, ასევე, აღნიშნა, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ვიზების გაცემისას დღეისათვის არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით.
მხარეებმა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსი პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე უახლოეს მომავალში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები