პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არიან გადაქცეულები, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური ტერორია, -ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მიმდინარე აქციაზე კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
"ეს უკვე პოლიტიკური ტერორია, როცა კოდექსის კონკრეტული მუხლების მითითების გარეშე, სრულიად აბსურდულ საქმეზე ლაპარაკობ და ბრალდებას უყენებ მილიონიანი ქალაქის არჩეულ მერს, ესაა მიზანმიმართული კამპანია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობამ ოპონენტების დევნა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის მიცემულ საკუთარ დაპირებებს ვერ ასრულებს.
"იმ პირობებში, როცა ივანიშვილი ვერ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, როცა დენის და გაზის ტარიფი არ არის განახევრებული, ბენზინის ფასმა მოიმატა, სოციალურად დაუცველი 16 000 ადამიანი კი, სიიდან საერთოდ ამოყარეს, ამ ფონზე მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა ოპონენტების მიმართ ასეთი ტერორის განხორციელებისა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.