ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ქართველ კოლეგებს მოუწოდა ჩაატაროს ახსნა-განმარტებითი სამუშაოები მოსაზღვრე სოფლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას შორის და აუხსნან მათ, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა არ შეიძლება. განცხადება ამის შესახებ მოლაპარაკებებზე სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა.
მისივე თქმით, მოსაზღვრე ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის სამუშაოების ჩატარების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.
შეხვედრაზე სეპარატისტებმა მარიკ დუდაევის საკითხიც დააყენეს, რომელიც მსჯავრდებულია და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
"მარიკ დუდაევი 2003 წელს დააკავეს. ჩვენ მოვუწოდეთ ქართულ მხარეს მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ მისი მომავალი ბედის გარკვევაში, იმისათვის რათა იგი შეიწყალონ და გაათავისუფლონ", _ განაცხადა გაგლოითიმ.
მისივე თქმით, ამჟამად ცხინვალის რეგიონში 5 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი რჩება. "სულ არსებული 17 შემთხვევიდან ზოგი დააჯარიმეს, ზოგიც კი - გააძევეს", _ განაცხადა გაგლოითიმ.