,,ღიმილს იწვევს განცხადება, თითქოს დემონსტრაცია უნდა შედგეს იმისთვის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით არ წავიდეს", -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანსა და ყველა პარტიას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.
"ცოტა ღიმილს იწვევს ჩემში განცხადება, თითქოს დემონსტრაცია უნდა შედგეს იმისთვის, რომ საქართვლო არასწორი მიმართულებით არ წავიდეს. საქართველო საგარეო კურსის მიმართულებით სწორად მიდის", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობა მიტინგს გამართავს, - ამის შესახებ პარტიის გენერალურა მდივანმა ვანე მორებიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა სპეციალური განცხადება გავაკეთო პარტიის სახელით. საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება და დღესაც დგას არჩევანის წინაშე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეს გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იწყებენ რეგიონებში ჩასვლას და თბილისის ყველა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ ხალხის ნება ურყევია "საქართველოს მომავალი კი არის დასავლეთისკენ და არა რუსეთისკენ".