"როგორ შეიძლება ჩვენ დაგვიმოწმოს ბესლან კობახიამ, როდესაც ჩვენ იქ ფიზიკურად არ ვიმყოფებოდით?! ეს აბსურდული და უწესო საქციელია", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ბარამიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში იმის შესახებ, რომ გაგრაში აფხაზური მხრიდან ქართული მოსახლეობის მიმართ სისასტიკის ჩადენას ადგილი არ ჰქონია აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ ბესლან კობახიამ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად მოწმედ მოიყვანა და განაცხადა, რომ ზაქარეიშვილმა და ბარამიძემ, რომლებიც გაგრაში მისი დაცემის შემდეგ ვლადისლავ არძინბას ნებართვით იმყოფებოდნენ ვერავითარი სისასტიკის კვალი ვერ ნახეს.
"მე ბესლან კობახიას არ ვეთანხმები. გასაკვირია, რომ იმ სისასტიკეების უარსაყოფად, რაც ქართველების მიმართ იქნა ჩადენილი, რატომღაც მე და პაატა ზაქარეიშვილს გვიმოწმებს, რომლებიც გაგრის ოკუპაციის დროს იქ არ ვიმყოფებოდით, ხოლო ამის შემდგომ პერიოდში ტყვეთა გაცვლით ვიყავით დაკავებულები.
არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთი რამ ხდებოდა, როცა ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. როგორ შეიძლება ჩვენ დაგვიმოწმოს ბესლან კობახიამ, როდესაც ჩვენ იქ ფიზიკურად არ ვიმყოფებოდით?! ეს აბსურდული და უწესო საქციელია", _ აცხადებს ბარამიძე და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ომისდროინდელ გაგრასთან მის შეხებას ის იქ გარკვეული პერიოდი ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად იმყოფებოდა.
"მე იქ გახლდით გარკვეული პერიოდი ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად, შემდგომ გადავედი ოჩამჩირის მიმართულებაზე. ხოლო გაგრის აღების შემდგომ ვიყავი დაკავებული ე.წ. მეფარიშვილის ბატალიონის საკითხით, რომელიც გაგრაში ბოლომდე იბრძოდა, სანამ ტყვია-წამალი არ დაუმთავრდათ და შემდეგ 45 მებრძოლი ტყვედ ჩავარდა.
მე მარგუნა ბედმა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა მათ გათავისუფლებაში, ტყეობაში მათივე ხელებით აშენებული გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკიდან.
აი ეს არის ის, რაც მე ომისდროინდელ გაგრასთან მაკავშირებს, ხოლო იმას, რომ გაგრაში, მისი აღებისა და მის შემდგომ პერიოდში, საშინელი სისასტიკეები ხდებოდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჰყავს თავისი თვითმხილველები. ასე რომ, ჯობია იმ თვითმხილველებს ელაპარაკოთ და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იმ მომენტში იქ არ ყოფილან", _ აცხადებს ბარამიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
აღსანიშნავია, რომ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიას სიტყვები დაადასტურა და განაცხადა, რომ გაგრაში ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში - ლეგენდაა.