დღეს, 17 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარეს მანანა ღურჭუმელიძეს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები მასწავლებელთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებასა და მისი ჩატარების პროცედურებზე ისაუბრებენ.
მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შეცვლისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, 2 მარტიდან საქართველოს რეიონებში პედაგოგები გაფიცვას გეგმავენ. მასწავლებელთა გაფიცვას ორგანიზებას პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით შექმნილი საგაფიცვო კომიტეტი უწევს.
ღურჭუმელიძე აცხადებს, რომ საგაფიცვო კომიტეტის შექმნა განპირობებულია ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგის არარსებობით, მასწავლებელთა სერტიფიცირების დისკრიმინაციული დებულების დამტკიცებით, პედაგოგებისათვის პრეზიდენტის დაპირებული მე-13 ხელფასის მოთხოვნით, დირექტორებისა და ტექ-პერსონალის გაუმართლებლად დაბალი ხელფასით, სკოლამდელი დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
ამასთან, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემების მოგვარებისთვის განათლების სამინისტრო პროფკავშირთან რეალურ დიალოგს არ დაიწყებს, მასწავლებელთა გაფიცვები გრძელვადიან სახეს მიიღებს.