ხვალ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი 31-ე შეხვედრა გაიმართება. ქართულ დელეგაციას ამ შეხვედრაზე საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი, ხოლო ოსურ დელეგაციას ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილე პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ხოხ გაგლოითი უხელმძღვანელებენ.
საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში აცხადებს, რომ ქართული მხარე შეხვედრაზე ოკუპაციის ზოლის მავთულხლართებით გამაგრების გაგრძელების საკითხს კვლავ დასვამს. ასევე დააყენებს საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების დაწყების სეზონიის მოახლოებასთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მომუშავე ადგილობრივების უსაფრთხოების საკითხსაც. ცხინვალის რეგიონისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი ხვალინდელ შეხვედრაზე განხილული არ იქნება.
"ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ კვლავაც გრძელდება ოკუპაციის ზოლის მავთულხლართებით გამაგრება. ზოგადად, აღნიშნული ქმედება ქართული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ხვალინდელ შეხვედრაზე ამ პროცესის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ სოფელ დიდი ხურვალეთის მაგალითზე ვისაუბრებთ", _ აცხადებს სუჯაშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების დაწყების სეზონი მოახლოვდა, ხვალინდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე შეეხება ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მომუშავე ადგილობრივების უსაფრთხოების საკითხს.
ამას გარდა, მისივე თქმით, ხვალ ქართული მხარე კვლავაც დააყენებს გასულ წელს გატაცებული სამშენებლო ბეტონმრევის გადმოცემის საკითხს.
"ამასთან დაკავშირებით, წინა შეხვედრებზე ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან მიღებული პირობის მიუხედავად, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნებოდა გადმოცემული, პროცესი ჭიანურდება და ჩვენი თხოვნა ჯერ-ჯერობით არ კმაყოფილდება", _ აცხადებს სუჯაშვილი სააგენტოსთან საუბარში და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ცხინვალის რეგიონისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს ეს საკითხი ხვალინდელ შეხვედრაზე განხილული არ იქნება.
"ბუნებრივი აირის მიწოდებას რაც შეეხება - ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების განხილვის საგანია. ტექნიკური დეტალების კუთხით, ჯერ-ჯერობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, შესაბამისად ხვალ ამ თემაზე სავარაუდოდ არ ვისაუბრებთ", _ აცხადებს დავით სუჯაშვილი.