ოსი სეპარატისტები საპარლამენტო უმრავლესობის პარტიის "ედინსტვოს" ყრილობისთვის ემზადებიან, სადაც ლიდერობას ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ინარჩუნებს. ადგილობრივი ე.წ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ყრილობა ე.წ. რესპუბლიკის პოლიტიკურ სარბიელზე ედუარდ კოკოითის დაბრუნების პრეზენტაცია გახდება, ისევე როგორც მისი გამოთხოვების დღე დიდ პოლიტიკასთან.
პარტიული ყრილობა თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში უნდა გაიმართოს, რომელზეც სავარაუდოდ პარტიის ხელმძღვანელობის შემადგენლობის საკითხი გადაწყდება.
დღეისათვის "ედინსტვოს" ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითია. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობა სპეციალურად მისთვის 2011 წელს შეიქმნა, როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ იგი ე.წ. მესამე ვადით კენჭს აღარ იყრიდა. ანუ ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარეობა მაშინ ისე გამოიყურებოდა როგორც ერთგვარი გარანტია კოკოითისათვის, იმისათვის, რომ ის გადადგომის მიუხედავად ცხინვალის რეგიონში პოლიტიკურ ფიგურად დარჩებოდა.
სრულიად გასაგებია, რომ ახალ კონფიგურაციაში მისი ლიდერობა "ედინსტვოში" ქვეყნის ახლანდელ ე.წ. ხელმძღვანელობას არ შეიძლება აწყობდეს, ამიტომაც პოლიტოლოგ დინა ალბოროვას თქმით, მოსალოდნელ ყრილობაზე თავმჯდომარის სავარძლისათვის ბრძოლაა მოსალოდნელი.
"პარტიის მოსალოდნელ ყრილობას მისი თავმჯდომარისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. უპირველეს ყოვლისა ეს კოკოითისათვის ერთგვარი სიმართლის დრო იქნება: პირველი - ცხადი გახდება დარჩა მის გვერდით ვინმე თუ არა, მეორე - პარტია "ედინსტვო" არის ერთადერთი პოლიტიკური რესურსი, რომლის გამოყენებითაც ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სფეროზე გავლენის განხორციელებას შეძლებს. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს გავლენის მოხდენის სხვა ბერკეტები, მაგრამ ისინი სხვა, არასაჯარო სიბრტყეში იმყოფებიან", _ აცხადებს ალბოროვა.
ამავე დროს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის წევრი და პარტია "ედინსტვოს" დეპუტატი ვადიმ ცხოვრებოვი აცხადენს, რომ ყრილობაზე გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება. მისი თქმით, პარტიის წევრებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და არც ერთ მათგანს "არ აქვს სურვილი ოპოზიციაში ჩაუდგეს პრეზიდენტს - ეს გამორიცხულია".