გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც სნაიპერის მიზანში პალესტინელი ბიჭი ჩანს, ისრაელში გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია. ცახალის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს ფაქტი არ შეესაბამება ისრაელის არმიის სულისკვეთებას. პალესტინელებმა კი უკვე უწოდეს ფოტოგრაფიას ოკუპაციის სიმბოლო.
ფოტო Instagram-ზე 20 წლის ებრაელმა სნაიპერმა, მორ ოსტროვსკიმ გამოაქვეყნა. ფოტოზე ზურგით მჯდომი პალესტინელი ბავშვი, ტიპიური პალესტინური ნაგებობა, მინარეთი და ფონად კაშკაშა მზეა გამოსახული. კონტექსტიდან არ ჩანს, სურათის გადაღების შემდეგ მოხდა თუ არა გასროლა, მაგრამ ფოტო განხილვის საგანი გახდა არა მხოლოდ ებრაულ საზოგადოებაში, არამედ, მსოფლიოში.
ცახალის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს ქმედება არ ჯდება არმიის მორალურ კოდექსსა და ღირებულებებში, ხოლო ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. უკვე დადგენილია, რომ ოსტროვსკი არ არის ფოტოს ავტორი და მან იქ ინტერნეტიდან გადმოქაჩა, თუმცა, სნაიპერის ექაუნთი უკვე წაშლილია.
ამასობაში, პალესტინელებმა ნამდვილი ელექტრონული ინტიფადა მოაწყვეს. ჯერ კიდევ ფოტოს წაშლამდე, ის ბლოგერებმა გაავრცელეს და სხვა ფოტოებიც დაურთეს. სოციალურ ქსელებში საპროტესტო გვერდებიც შეიქმნა.
პალესტინა-ისრაელის დიალოგი, კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ორი წლის წინ ჩაიშალა. 2012 წლის ნოემბერში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინის სტატუსი „დამკვირვებელი სახელწიფოს" დონემდე აამაღლა და პალესტინელების თვითგამორკვევის უფლება ცნო იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისრაელის მიერ 1967 წლამდე იქნა დაკავებული.