"გაგრაში რომ სისასტიკეს ჰქონდა უამრავს ადგილი და ქვეყნის ხალხი რომ გაუბედურეს, გააუპატიურეს და დახოცეს - ამას ლაპარაკი რად უნდა", _ აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარის საპასუხოდ, რომლის მიხედვით, გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში, ომის მიერ შექმნილი ლეგენდაა.
"არვიცი პაატა ზაქარეიშვილი რას ამბობს - ეს პაატა ზაქარეიშვილს მოკითხეთ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას თავისი ინფორმაცია აქვს მე კიდევ ჩემი. გაგრაში რომ სისასტიკეს ჰქონდა უამრავს ადგილი და ქვეყნის ხალხი რომ გააუბედურეს, გააუპატიურეს და დახოცეს,- ამას ლაპარაკი რად უნდა. პაატას თუ რამე მონაცემები აქვს განსაკუთრებული ჩვენ იმედია გავიგებთ", _ აცხადებს ხაინდრავა და აღნიშნავს, რომ ისტორიის გათეთრება მარტო აფხაზებს კი არა ძალიან ბევრს აქვს ნაცადი და ცდილობს ახლაც და ეს გასაკვირიც არ არის.
" გაგრაში ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშის რა მოგახსენოთ, თანაც ამას აფხაზებს კი არა ჩეჩნებს აბრალებდნენ თავის დროზე, თუმცა მე მაგის თვითმხილველი არ მინახია და აი, ამდენი წელი გავიდა და ვიღაცა კონკრეტული ვინც იტყოდა მე ამის თვითმხილველი ვარ, ამის დამადასტურებელი ფაქტი ჩვენ არ გვაქვს. ხოლო რაც შეეხება დანაშაულებს - რამდენიც გინდათ. ამ მაინცდამაინც ფეხბურთის თავით თამაშზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია უამრავ დახოცილ სამოქალაქო პირზე ვინც აბსოლუტურად უდანაშაულოდ იყო მოკლული, დახვრეტილი და ამის გათეთრება, როგორც არ უნდა უნდოდეთ, შეუძლებელია", _ აცხადებს ხაინდრავა.
მისივე თქმით, საერთოდ, ომს მოყვება ეს ყველაფერი და ეს არ არის რომელიმე ერთი ერის თვისება.
"სისასტიკე - არც ერთ მხარეს აკლდა არც მეორეს და პასუხისმგებლობას ვერც ერთ და ვერ მეორე მხარეზე ვინც ამის ჩამდენია ვერ გაექცევა. სხვა საქმეა ექნება თუ ამას კონკრეტული იურიდიული შედეგი, მაგრამ თავისთავად არაადამიანური მოპყრობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რომ ჰქონდა ადგილი ამას განსაკუთრებული დადასტურება არც სჭირდება. ფაქტი ფაქტია დაღუპულ ადამიანებს სად გავექცევით", _ აცხადებს გოგა ხაინდრავა სააგენტოსთან საუბარში.