გაგრაში ქართველების თავის მოჭრისა და შემდეგ ამ მოჭრილი თავისათვის ფეხის დარტყმის ფაქტი დადასტურებულია და აფხაზეთის პროკურატურაში ინახება, - აცხადებს პარტია "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარის საპასუხოდ, რომლის მიხედვით, გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში, ომის მიერ შექმნილი ლეგენდაა.
" გაგრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა აფხაზეთის პროკურატურა. კონკრეტულად ფეხბურთის თამაშის მოწმე, რასაც მართლა ფეხბურთის თამაში ჰქვია - ვერ მოინახა, მართალია, მაგრამ ქართველისათვის თავის წაჭრის მოწმე არსებობს. მის ჩვენებაში იყო, რომ თავი მოაჭრეს ქართველს და ერთ-ერთმა კავკასიელმა ფეხი მიარტყა ამ მოჭრილ თავს - ამის მოწმე იყო. ხოლო თუ მაინცდამაინც საუბარია ფეხბურთის თამაშზე და გოლის გატანაზე, ასეთი რამის მოწმე არ ყოფილა. ახლა ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი - თავის წაჭრა თუ ფეხბურთის თამაში? იქ რომ ქართველებს თავებს აჭრიდნენ - ეს არის ფაქტი და ის დადასტურებულია", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავითაია და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულია ის ძალები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად აამონ სეპარატისტებს და მათ ისტორიის გადაწერაში უწყობენ ხელს.
"საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ის ძალები, რომლებიც მზად არიან მაქსიმალურად ასიამოვნონ სეპარატისტებს პაატა ზაქარეიშვილის თამადობით, მაქსიმალურად ასიამოვნონ აფხაზებს. რეალურად ამას აფხაზები ძალიან ჭკვიანურად იყენებენ და ჭკვიანურად მოქმედებენ. მათ თანდათან დაიწყეს ისტორიის შეცვლა - უარყოფენ ჩადენილ ფაქტებს. მარტივი მაგალითები: ჩემი ოჯახის წევრები მხოლოდ იმის გამო დაიხოცენ რომ ქართველები იყვნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ერთ ერთი ქალბატონის შვილი მის თვალწინ მოკლეს და შვილის თვალი შეაჭამეს. ჩავეძიოთ რა დაემართა ქართველ ხალხს კოდორის ხეობაში, ზამთარში, რაც ზაქარეიშვილს დაავიწყდა ეტყობა, თუ როგორ გაიყინნენ იქ ბავშვები, რომლებსაც ქვებით ასაფლავებდნენ - ეს დაავიწყდა ეტყობა. დღეს უკვე ეს ბესლან კობაზიას არ სიამოვნებს - შეაცვლევინეს ისტორია. კობახია რომ ამბობს, თითქოს გაუგებრობაა ჟიული შარტავას მკვლელობა, მე დადასტურებულად ვაცხადებ, როდესაც რაციით გადასცეს, რომ მათ ტყვედ ჟიული შარტავა ყავდათ და როგორ მოვიქცეთო - იქიდან იყო პასუხი: მოვიდა აფხაზურ მიწაზე? აფხაზური მიწა აჭამეთ მას! ეს ბევრმა მეომარმა იცის. დღეს კი შარტავას მკვლელობა გაუგებრობად უნდათ, რომ მონათლონ. გაბისკირია, სოხუმის გმირი მერი, რომელიც მხოლოს იმიტომ დახვრიტეს, რომ მათ წინაშე არ დაიჩოქა. ეს თურმე გაუგებრობა ყოფილა, მაგრამ ერთი რამე იცოდეს ყველამ, რაც არ უნდა ასიამოვნონ აფხაზებს - ისინი არაფრის დამთმობები არ არიან",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა დავითაია.