აფხაზი სეპარატისტები ახალ პოლიტიკურ კამპანიას იწყებენ. რაში სჭირდებათ მათ ამ თემის სწორედ ახლა წინ წამოწევა - ძნელი სათქმელია, თუმცა, აფხაზეთიდან აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა იმისა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზებისა და მათი მომხრე შეიარაღებული ბოევიკების მიერ ქართული ეროვნების მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ეთნოწმენდა და გამოვლენილი არნახული სისასტიკე თურმე "ქართველების გამონაგონი სიცრუე" ყოფილა და რეალურ ცხოვრებაში ამ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე ბესლან კობახია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე საუბრობს, ომის მიმდინარეობას იხსენებს, უარყოფს ყველანაირ სიმხეცეს, რომელიც ამ კონფლიქტის დროს აფხაზეთის ქართული მოსახლეობის მიმართ შეიარაღებულმა აფხაზმა ბოევიკებმა და მათმა მხარდამჭერმა ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა ჩაიდინეს.
კობახია, მაგალითად გაგრის სტადიონზე, ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშს "ქართულ პროპაგანდას", "ქართველების გამონაგონს" და "სიცრუეს" უწოდებს და თავის "სიმართლეში" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილსა და დეპუტატ გიორგი ბარამიძესაც იმოწმებს. ასევე, კობახია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებში არსებულ სამაგალითო დისციპლინაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ცენტრამდე" მისული არც ერთი ქართველი ტყვე არ დახვრეტილა, თითოეული მათგანი ცოცხლად გადარჩა და შემდეგ გაიცვალა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ჟიული შარტავას დახვრეტას კი ქაოსური სიტუაციიდან შექმნილ გაუგებრობად აფასებს.
"სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზები თავს არ დასხმიან საქართველოს. ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ თავის ქვეყანაში. საქართველო დაესხა თავს აფხაზეთს. გასაგებია, რომ ეს იყო გაკეთებული საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ რომელიც ხელისუფლების სათავეში სრულიად არალეგიტიმურად მოვიდა. მათ ჩამოაგდეს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, არ დაინდეს საკუთარი ხალხი და თბილისის ცენტრი და აფხაზებს დაინდობდნენ ?
მრავალი ადგილობრივი აფხაზი, იარაღს ხელს არ ჰკიდებდა, მათ სცხვენოდათ იმისი, რაც ხდებოდა.
მას შემდეგ, რაც ჩვენმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაგრის აღების წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს საქართველოს სამხედრო პროპაგანდამ დაიწყო მითების მოთხრობა იმის შესახებ, რომ გაგრაში სიმხეცე იქნა ჩადენილი. ჰყვებოდნენ მაგალითებს იმისა რომ აფხაზები და ჩეჩნები მოკლული ადამიანების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ და სხვა", _ აცხადებს კობახია და აღნიშნავს, რომ ფაქტი, რომელიც ქართულ საზოგადოებას აფხაზეთის დროებითი დაკარგვის შემდეგ არ ავიწყდება და საქართველოს თითოეული მოქალაქეს დღემდე ახსოვს გაგრის სტადიონზე გათხრილი უზარმაზარი ორმო, ცოცხლად დამარხული ადამიანები, ერთი კვირის განმავლობაში მოგუგუნე მიწა, ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაში, ქართველებისთვის გაკეთებული ე.წ. კოლუმბიური ჰალსტუხები და ფეხებით დაკიდებული ქართველი ბავშვები წარწერით "გრუზინსკიე პოროსიატა"....
მიუხედავად ყოველივე ამისა კობახია აგრძელებს:
"როდესაც ჩვენთან მორიგი დაზავების დროს ჩამოვიდნენ ქართული მხარის წარმომადგენლები პაატა ზაქარეიშვილი და გია ბარამიძე მათ ვლადისლავ არძინბასთან გამართულ თათბირზე მოგვითხრეს, რომ ამგვარი რამ გაგრაში მოხდა. არძინბამ მათ დაუწყო ახსნა, რომ ეს სიცრუეა, მერე კი თქვა: თუ ჩემი არ გჯერათ გაემგზავრეთ გაგრაში ბესლან კობახიასთან და გაგრის ხელმძღვანელთა ერთად. ნახეთ ხალხი ვისი ნახვაც საჭიროდ ჩათვალოთ.
ჩავჯექით მანქანაში და გავემგზავრეთ გაგრის მიმართულებით - გზაზე ისინი ხედავდნენ თუ გარეთ რა ხდებოდა, რომ შეიარაღბული ხალხის ჯგუფები უწესრიგოდ არ დაძრწოდნენ ქუჩებში, ასეთი რამ მთელი ომის განმავლობაში არ მომხდარა, მიწის ყოველი გოჯი დამუშავებული და მოწესრიგებული იყო და "გაი"-ს საგუშაგოებზეც კი მილიციონერები იდგნენ.
თავად ამ სიტუაციამ გააოცა სტუმრები, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ და სოხუმსა და გუდაუთაში არსებულ სიტუაციებს ადარებდნენ და უბრალოდ იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ ჩვენთან ძალიან მაღალი დისციპლინა იყო.
ჩამოვედით გაგრაში, სტადიონის რაიონში სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ქართული ეროვნების მოსახლეობა იყო დარჩენილი.
ყველა სახლი მოვიარეთ, თან ვაძლევდით საშუალებას იმ ადამიანებს გასაუბრებოდნენ ვისთანაც საჭიროდ ჩათვლიდნენ - ჩვენს გარეშე. შედეგად მათ განაცხადეს: დიდი მადლობა, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს სიცრუეა და არავითარი სიმხეცე ჩადენილი არ იყო.
სამწუხაროდ ეს მითი ახლაც მოქმედებს და ასევე სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან იყვნენ მაშინ და რომლებსაც ახლა მაღალი თანამდებობები უჭირავთ ეს ფაქტი დღემდე არ უარყვიათ", _ აცხადებს კობახია.
ამას გარდა, ხაზგასმით აღნიშნავს რა რომ აფხაზურ არმიაში დისციპლინა პირველ ადგილზე იდგა და ყველა ქართველი სამხედრო რომელიც ტყვედ ჩავარდებოდა ე.წ. ცენტრში მიდიოდა და ყველა ერთად იყრიდა თავს. კობახიას თქმით, ეს იმის საშუალებას იძლეოდა მათი სიცოცხლე შენარჩუნებული ყოფილიყო. მისივე განცხადებით, ამიტომაც სამხედრო ტყვეები აფხაზურ მხარეს მეტი ყავდა ვიდრე ქართულს და "არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ომის დროს იმისა, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა ჩვენ დაგვეკარგოს".
ხოლო რაც დახვრეტილ ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებს კობახია აცხადებს, რომ "ეს ადამიანები უბრალოდ ჩვენამდე ვერ მოვიდნენ".
"ამ ომისათვის წერტილია დასასმელი. არ არსებობს არც ერთი ომი, რომელსაც ბოლო არ აქვს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ომი დღემდე გრძელდება. ამაში აფხაზების ბრალი არ არის.
მიმაჩნია, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს იმან ვინაც დაიწყო. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ვგულისხმობ. დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან პასუხისმგებელნი იმაზე თუ რა გაკეთეს მათმა წინამორბედებმა.
მიმაჩნია, რომ მათთვის ყველაზე ადვილია გააანალიზონ ეს ომი და წერტილი დასვან, აღიარონ არსებული რეალობა და დაიწყონ ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამის იმედი მაქვს და მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ასე იქნება", _ აცხადებს ბესლან კობახია.