მოსკოვის პოლიცია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გივი თარგამაძის რუსეთის ფედერაციაში არსებული ყველა პირადი და საქმიანი კონტაქტის დადგენას აპირებს. განცხადება ამის შესახებ მოსკოვის საქალაქო სამმართველოში გააკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსლი მედია ავრცელებს.
"სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც გივი თარგამაძის მიმართ არის აღძრული პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს გაატარებს, მათ შორის კი დაადგენს ყველა პირად და საქმიან კონტაქტს, რომელიც თარგამაძეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჰქონდა", _ აცხადებენ რუსი სამართალდამცავები.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ თარგამაძე რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა, რუს ოპოზიციუნერებთან სერგეი უდალცოვთან, კონსტანტინე ლებედევთან და ლეონიდ რაზვოჟაევთან ერთად.
მარკინმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებას აქვს სამხილები, რომლებიც მოწმობენ, რომ თარგამაძე რუსეთის ოპოზიციას აფინანსებდა.